აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურმა ბაღის“ 2014-2015 წლების ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, 2014-2015 წლებში, უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, სარგებლობაში ჰქონდა 117 537 264 ლარის ნორმატული ღირებულების, 1 088 308 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის აღრიცხული ორგანიზაციის საბალანსო მონაცემებში. გარდა აღნიშნულისა, შესაბამისი წლების ბალანსებში არ არის ასახული აგრეთვე ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული, არანაკლებ 1 190 600 ლარის ღირებულების 21 დასახელების შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი აქტივები. შესაბამისად, ბოტანიკური ბაღის არაფინანსური აქტივების 2014 წლის და 2015 წლის საბალანსო მონაცემი შემცირებულია არანაკლებ 118 727 864 ლარით.
- ბოტანიკური ბაღის საბუღალტრო მონაცემებით, ორგანიზაციას 2014 წელს ნაღდი ანაგარიშსწორებით მიღებული აქვს 1 357 924 ლარი, რაც 541 012 ლარით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემზე, ხოლო 2015 წელს -1 499 869 ლარი, რაც 135 451 ლარით მეტია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემზე. მოპოვებული მტკიცებულებებით, არსებობს მაღალი რისკი, ბოტანიკური ბაღის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული რეალური შემოსავლების არასრულად ასახვისა და მიღებული თანხების არადანიშნულებისამებრ გამოყენებასთან დაკავშირებით.
- ბოტანიკური ბაღის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას, 2014 წელს გათვალისწინებული არ არის ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული 2 106 940 ლარის ღირებულების ძირითადი აქტივები და 22 050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ხოლო 2015 წელს - 2 283 892 ლარის ღირებულების ძირითადი აქტივები და 22 050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. აგრეთვე, შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, ვერ დგინდება, ბოტანიკური ბაღის 2014 და 2015 წლების მოგების გადასახადის გაანგარიშების საფუძვლიანობა.
- ბოტანიკური ბაღის ეგზოტების საკოლექციო ნაკვეთის გაწმენდასთან დაკავშირებული სამუშაოები ორგანიზაციის მიერ შესყიდული იქნა როგორც 2014, ისე 2015 წლებში. აღსანიშნავია, რომ ბოტანიკური ბაღის ეგზოტიკურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტში, რომლის საქმიანობა მოიცავს ეგზოტების საკოლექციო ნაკვეთსაც, 2015 წელს დასაქმებული იყო 37 თანამშრომელი, მათ შორის 21 დასაქმებულია მუშის სტატუსით. აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით, მუშის მოვალეობაში შედის ნაკვეთების მოვლა-პატრონობა, მათი გაწმენდითი და გაცელვითი სამუშაოები.
- ქალაქ ანტალიაში საერთაშორისო გამოფენა „Expo Antalya 2016“-ში ბოტანიკური ბაღის საგამოფენო კუთხის მოწყობისა და გამოფენის ორგანიზების მომსახურების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 132 000 ლარი. სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტებში არ არის ასახული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს რაოდენობა, მოცულობა და ღირებულება, ხოლო შემსყიდველის სახელით სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი და მიმღები პირი, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ იმყოფებოდა სამუშაოების შესრულების ადგილზე, თურქეთის რესპუბლიკაში.
- 2014 წლის 24 სექტემბერს, ბოტანიკურმა ბაღმა, წინა ბაქნიანი თვითმავალის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 55 000 ლარი. აუდიტის შედეგად დგინდება, რომ აუდიტის ობიექტის მიერ განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, 53.4%-ით აღემატება, მიმწოდებლის მიერ წინა ბაქნიანი თვითმავალის შეძენასა და შემსყიდველისათვის მიწოდებასთან დაკავშირებით გაწეულ სრულ დანახარჯს.
- ბოტანიკური ბაღის მიერ, 2014 წელს რეალიზებულია 413 ძირი ნერგი, ხოლო 2015 წელს - 2 921 ძირი ნერგი. აუდიტის შედეგად დგინდება, რომ სანერგე მეურნეობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯები აღემატება მათი რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს. აღსანიშნავია, რომ ბოტანიკური ბაღის ბუღალტერიაში არ ხდება ნერგების მიღების/გამოყვანის ანალიზური აღრიცხვა.
გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.