სახელმწიფო აუდიტის სამსახური

UN/INTOSAI-ის სიმპოზიუმზე SDG13 გეგმის შესრულებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლზე პრეზენტაცია გაიმართა   18 აპრილი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა და მთავარმა აუდიტორმა მაკა ჭიხორიამ ვენაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) და უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) ერთობლივ 26-ე სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა.

სიმპოზიუმს, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებაში უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების როლს, წვლილსა და გამოცდილების გაზიარებას ეძღვნებოდა, მსოფლიოს 80 უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციიდან 220 მონაწილე დაესწრო. 

თორნიკე შერმადინმა UN/INTOSAI-ის სიმპოზიუმზე ისაუბრა გაეროს მდგრადი განვითარების SDG13 გეგმის შესრულებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლზე. მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული აუდიტების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას; აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ტარდება გარემოსდაცვითი საკითხების აუდიტები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური SDG13-ის მიმართულებით მოიცავს სექტორებს, რომლებიც ფოკუსირებულია კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორებიცააა ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებები; მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების აღრიცხვა, ანალიზი და გამოყენება; წყალდიდობებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვა; ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვა; ატმოსფერული ჰაერის ხარისხი; წყალმომარაგების ხარისხი, გამწვანება და ა.შ.  

სიმპოზიუმზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებმა მათ მიერ ჩატარებული აუდიტებიდან კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტულ მაგალითებზე პრეზენტაციები წარადგინეს. ასევე იყო მოყვანილი მაგალითები, ქვეყნების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოიწვიეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან მიმართებით.

სიმპოზიუმის მონაწილეების შეფასებით, არცერთი სფერო ან სექტორი არ რჩება კლიმატის ცვლილების გავლენის მიღმა, რაც იწვევს როგორც გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის ზიანს, ასევე მნიშვნელოვან ფინანსურ რისკებს.

სიმპოზიუმის შეჯამებით, უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლის შესრულება კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. 

სიმპოზიუმის მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც ეხება აუდიტორული ორგანიზაციების სამომავლო სამუშაო პრაქტიკებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი კლიმატის ცვლილების შედეგად საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და მინიმუმამდე შემცირება.