სახელმწიფო აუდიტის სამსახური

IT აუდიტის მიმართულებით აშშ-ის საანგარიშგებო პალატასთან თანამშრომლობის მეორე ეტაპი 07 მარტი, 2017

2017 წლის 6-10 მარტს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მასპინძლობს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის აუდიტის სასწავლო ცენტრის ექსპერტს, ბ-ნ ჩარლზ ვრეიბელს. ამერიკელი ექსპერტი აქტიურად არის ჩართული მიმდინარე ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტებში. შეხვედრის ფარგლებში, ბ-ნი ჩარლზი ქართველ კოლეგებს უზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას ინფორმაციული სისტემების აუდიტის მიმართულებით. ამასთანავე, შეხვედრაზე მიმდინარეობს აუდიტის დაგეგმვა, რომლის ფარგლებშიც მომზადდება აუდიტის წინასწარი შესწავლის მემო.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების თანამშრომლობის ეს კომპონენტი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და აშშ-ის საანგარიშგებო პალატის აუდიტის სასწავლო ცენტრს შორის 2016 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე წლის იანვარში სას-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორებს ჩაუტარდათ ტრენინგი ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის მიმართულებით.

ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა შესაძლებელი გახდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარების პროექტის დამსახურებით, რომელიც ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ. პროექტის მთავარი ამოცანაა სას-ში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის დანერგვა და განვითარება.