სახელმწიფო აუდიტის სამსახური

INTOSAI-ს ქვეყნები თორნიკე შერმადინის ავტორობით მომზადებულ აუდიტების ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოს გამოიყენებენ 16 დეკემბერი, 2019

2020 წლიდან INTOSAI წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო აუდიტის სამსახურები თორნიკე შერმადინის ავტორობით მომზადებულ აუდიტების ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოს გამოიყენებენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა სახელმძღვანელო INTOSAI- IDI-ს - „სტანდარტების განვითარების ინიციატივის“ დაკვეთით მოამზადა.

აზიის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების გაერთიანება ASEANSAI- ში შემავალი ყველა ქვეყანა უკვე იყენებს თორნიკე შერმადინის მიერ შედგენილ კითხვარს და ამ ქვეყნებში აუდიტების ანგარიშების ხარისხის შემოწმება მიმდინარე თვიდან სწორედ ამ სახელმძღვანელოს გამოყენებით დაიწყო.

დეკემბრის დასაწყისში, ნეპალში ჩატარებული აზიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე, რომელსაც 23 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა, სახელმძღვანელოს მაღალი შეფასება მიეცა. დელეგაციის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს  ხარისხის კონტროლის სისტემების დახვეწისა  და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების განვითარებისთვის  ამ პროგრამის დახმარებით იმუშაონ.

თორნიკე შერმადინი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2010 წლიდან მუშაობს. უკვე წლებია ის INTOSAI-ს შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტის მუდმივი წევრი, INTOSAI-ს ფინანსური აუდიტის სერტიფიცირებული ტრენერი და INTOSAI- IDI- „სტანდარტების განვითარების ინიციატივის“ მიწვეული ექსპერტია.