სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების (INTOSAI) სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფის (WGPD) წლიურ შეხვედრაში, რომელიც ქ. ბუქარესტში, რუმინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მასპინძლობით გაიმართა.
WGPD-ის მისიაა სახელმწიფო ვალის მართვის აუდიტში უმაღლესი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებში.
წლიურ შეხვედრაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსმა ლაშა კელიხაშვილმა მოდერაცია გაუწია „მთავრობის ვალის მართვის სამართლებრივ და ინსტიტუციურ ასპექტებთან“ დაკავშირებულ პანელურ დისკუსიას. ბიუჯეტის ანალიტიკოსმა, გიორგი ქარქაშაძემ შეხვედრის მონაწილე უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილება გაუზიარა.
ღონისძიებას 24 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული უწყების დაახლოებით 70 წარმომადგენელი ესწრებოდა. მომდევნო შეხვედრის მასპინძელი 2026 წელს ეგვიპტე იქნება, ხოლო 2027 წელს - საქართველო.


