სახელმწიფო აუდიტის სამსახური

IDI-ს გლობალური სამიტი თბილისში გაიმართა 20 ნოემბერი, 2024

უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების (INTOSAI) განვითარების ინიციატივის (IDI) რიგით მეორე გლობალური სამიტი გაიმართა თბილისში, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

IDI-ს გლობალური სამიტი, რომელიც ეძღვნებოდა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების როლს დიჯიტალიზაციის და მდგრადობის ხელშეწყობაში, გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა გახსნა, როგორც სამიტის მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა. სამიტის მონაწილეებს მიესალმნენ ბრაზილიის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის პრეზიდენტი და INTOSAI-ს მმართველი საბჭოს დირექტორი ბრუნო დანტასი და IDI-ს გენერალური დირექტორი ეინარ გორისენი.  

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ლიდერებს და INTOSAI-ს საზოგადოების დაინტერესებულ მხარეებს მთელი მსოფლიოდან, საერთაშორისო, დონორი, პროფესიული ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. IDI-ს სამიტი უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს ფასდაუდებელ პლატფორმას გვთავაზობს, ერთობლივად ვიმუშავოთ დიჯიტალიზაციისა და მდგრადობის მიმართულებით პროფესიული მიდგომების შემუშავებაზე - გავაძლიეროთ მთავრობების ანგარიშვალდებულება, გავაუმჯობესოთ საჯარო ფინანსების მართვის სისტემა და ხელი შევუწყოთ კარგ მმართველობას საჯარო სექტორში“, აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.  

გენერალურმა აუდიტორმა სამიტის მონაწილეებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ციფრული პლატფორმები და მდგრადი განვითარების მიზნების საპასუხოდ განხორციელებული აუდიტორული საქმიანობის შედეგები გააცნო.  

ორდღიანი სამიტი მოიცავდა გამოცდილებების გაზიარების პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, სტრატეგიების შემუშავებაზე მსჯელობასა და ერთობლივი მუშაობისთვის შესაბამისი თემების განხილვას გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების, ინკლუზიისა და თანასწორობის, კლიმატის მოქმედებისა და ტექნოლოგიების სფეროებში.