სახელმწიფო აუდიტის სამსახური

GIZ-ის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებს შორის 13 სექტემბერი, 2017

მიმდინარე წლის 11-12 აგვისტოს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ორგანიზებით სასტუმროში „ქრაუნ პლაზა“ ბორჯომი გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაციები, რის შემდეგად გაიმართა დისკუსია. კერძოდ, განხილულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში „სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ ასახული საჯარო ფინანსების მართვის პროცესში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, გამოწვევები და შესაბამისი რეკომენდაციებით საბიუჯეტო კონტროლის გაუმჯობესების შესაძლებლობები. ასევე, წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკური ვებ-პლატფორმის - ბიუჯეტის მონიტორისა (www.BudgetMonitor.ge) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული ეფექტიანობის აუდიტების მნიშვნელოვანი მიგნებების შესახებ.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ბიუჯეტის შესრულების შედეგების მიმოხილვასა და მასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლას საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებთან.