სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (GAO) და პროფესიული დახელოვნების ცენტრის (CAE) წარმომადგენლები.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი თანამშრომლობის პროექტი აუდიტორთა პროფესიული დახელოვნების ხელშეწყობას და „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის’’ შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში GAO-ს სასწავლო ვიზიტი ივლისში გაიმართა და აუდიტორებმა აუდიტის დახელოვნების ცენტრის პროფესიული სწავლება - ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგია, აუდიტის ჯგუფების მართვა და ლიდერობა გაიარეს.
ამჯერად, აშშ-ის პროფესიული დახელოვნების ცენტრის წარმომადგენლებმა აუდიტორებს ეფექტიანი რეკომენდაციების შემუშავების ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, ეფექტიანობისა და სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტების მენეჯმენტს პროფესიული რჩევები გააცნეს და მენტორინგი გაუწიეს ეფექტიანობის აუდიტების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა აუდიტორებისა და სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებიც „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის’’ ტრენერები არიან. მათ კონსულტაციები გაეწიათ სასწავლო პროგრამების და მოდულების მომზადების სპეციფიკაციებზე.
საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ასევე სამსახურის ეთიკის კომისიასთან, რომლის წევრებს ამერიკელმა კოლეგებმა გამოცდილებები გააცნეს და რეკომენდაციები გაუზიარეს.
სასწავლო ვიზიტის ბოლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მენეჯმენტმა GAO CAE-ს წარმომადგენლებთან განიხილა პროექტის განვითარების შემდგომი ეტაპები, რომელიც აუდიტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, რეკომენდაციების გავლენის შეფასებას, სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიან მართვას მოიცავს.
შეხვედრებს და ტრენინგებს აშშ-ს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის სტრატეგიული საკითხების დირექტორი, რობერტ გოლდენკოფი და აუდიტის დახელოვნების ცენტრის ექსპერტი ბეკი ქ. კენედი უძღვებოდნენ.