სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აუდიტორმა ნაზი ჩაგანავამ ვაშინგტონში, აშშ-ის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში პროფესიული დახელოვნების პროგრამა გაიარა.
ნაზი ჩაგანავა ვაშინგტონის ოფისში სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ამერიკის მთავარი აუდიტორული უწყების მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკებს გაეცნო. საერთაშორისო აუდიტორთა პროფესიული დახელოვნების პროგრამა რვა ქვეყნის 10 უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენელმა გაიარა და ყველა მათგანმა სტრატეგიული დოკუმენტი მოამზადა. ნაზი ჩაგანავამ იმუშავა სტრატეგიულ დოკუმენტზე - „მაღალი ეფექტიანობის აუდიტის ჯგუფის შექმნა და შენარჩუნება“.
სასწავლო ვიზიტის ბოლოს პროგრამის მონაწილეებმა შექმნილი სტრატეგიული დოკუმენტების პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის (GAO) თანამშრომლები და ტრენერები ესწრებოდნენ. პროგრამის მონაწილეებს შეხვდა ამერიკის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის ხელმძღვანელი ჯინ დოდაროც.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცა აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის (GAO) აღმასრულებელმა საოპერაციო ოფიცერმა ორის უილიამს ბრაუნმა.
აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის (GAO) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო აუდიტორთა პროფესიული დახელოვნების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ნაზი ჩაგანავამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კოლეგებს გაუზიარა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური GAO-სთან საერთაშორისო აუდიტორთა პროფესიული დახელოვნების პროგრამის ფარგლებში 1998 წლიდან თანამშრომლობს. ამ წლების განმავლობაში პროგრამა 9 პირმა გაიარა, რომლებიც სხვადასხვა დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდნენ. პროგრამის მიზანია, მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით გაძლიერდეს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური იზიარებს და ნერგავს აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის საუკეთესო პრაქტიკებს, რომელსაც სტაჟირების შემდეგ სამსახურში დაბრუნებული თანამშრომლები სხვადასხვა ინიციატივის სახით სთავაზობენ.
პროფესიული დახელოვნების საერთაშორისო პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის 2024 წლის ნაკადისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორები პროგრამაში ჩასართავად შესაბამის პროცედურებს გადიან.

