ევროპის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების გაერთიანების (EUROSAI) მუნიციპალური აუდიტების სამუშაო ჯგუფის (WGMA) მერვე წლიური კონფერენცია გაიმართა თბილისში, რომელსაც ევროპის 25 ქვეყნის 60-მდე წარმომადგენელი, მათ შორის რამდენიმე ქვეყნის გენერალური აუდიტორი და გენერალური აუდიტორის მოადგილე დაესწრო.
„ადგილობრივ თვითმმართველობებში ინფრასტრუქტურული პროექტების აუდიტთან“ დაკავშირებული კონფერენცია გახსნეს საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა და ლატვიის გენერალურმა აუდიტორმა ედგარს კორჩაგინსმა, რომელიც ამავე დროს სამუშაო ჯგუფის (WGMA) თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს.
„ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი მართვა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს რთული სფეროა. ჩვენი აუდიტებით, რომელთაც ვატარებთ მუნიციპალიტეტებში და გაცემული რეკომენდაციებით, ვეხმარებით მათ დასახული მიზნების დროულად და ხარისხიანად მიღწევაში, რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებაში. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა ყველა ჩვენგანისთვის არის შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ განსხვავებულ მიდგომებზე, გავიზიაროთ საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება ჩვენი საქმიანობის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.
ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი ქვეყნების შედეგები და გამოცდილებები წარმოადგინეს. ასევე შეაჯამეს სამუშაო ჯგუფის მიერ მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობა და იმსჯელეს მომავალი წლის სამუშაო თემებზე.
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მერები, რომელთაც მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საქართველოს გამოცდილება ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში.
მუნიციპალიტეტების აუდიტის სამუშაო ჯგუფი 2016 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლას ევროპის ქვეყნების აუდიტის სამსახურებს შორის. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასა და ჩატარებული აუდიტებით მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის ზრდაზე.


