სახელმწიფო აუდიტის სამსახური

EUROSAI-ის TFMA ჯგუფის მე-8 წლიური შეხვედრა საქართველოში გაიმართება 15 ნოემბერი, 2023

EUROSAI-ის მუნიციპალური აუდიტის სამუშაო ჯგუფის (TFMA) რიგით მე-8 შეხვედრა მომავალ წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით, საქართველოში გაიმართება. 2024 წელს ჯგუფის სამუშაო თემა იქნება „ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და მათი აუდიტი“.

TFMA ჯგუფი ყოველწლიურად ატარებს სემინარსა და სამუშაო შეხვედრას EUROSAI-ს წევრებისთვის. წელს ვარშავაში გამართულ შეხვედრას 26 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული უწყების 66 წარმომადგენელი ესწრებოდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი თეა არველაძე და აუდიტორი გიორგი დარახველიძე წარმოადგენდნენ.

მიმდინარე წლის სემინარის თემა იყო „ტრანსფერების და გრანტების განაწილება“, რომლის შესახებ შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს და მომდევნო წლის სემინარის თემაზე იმსჯელეს.

TFMA სამუშაო ჯგუფი 2016 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლას  აუდიტის იმ შედეგების მისაღწევად, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საჯარო ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და მუნიციპალური აუდიტის სისტემის ეფექტიანობის ზრდაზე.