სახელმწიფო აუდიტის სამსახური

EUROSAI-ის სტრატეგიული მიზნების სამუშაო შეხვედრა გაიმართა  10 მარტი, 2025

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა EUROSAI-ის 25 ქვეყნის აუდიტორულ ორგანიზაციასა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოსთან (ECA) ერთად მონაწილეობა მიიღო EUROSAI-ის სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაიმართა.

ევროპის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების გაერთიანების (EUROSAI) სამუშაო შეხვედრა ეძღვნებოდა 2024-2030 წლების სტრატეგიის მიხედვით გათვალისწინებულ მიზნებს - „ეფექტიანი, ინოვაციური და რელევანტური აუდიტების მხარდაჭერა პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობითა და კოორდინაციით“ და „SAI-ების დახმარება ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების გადაჭრაში მათი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით“. 

სტრატეგიული მიზნების განხორციელების თანალიდერმა ქვეყნებმა – შვედეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ხედვები ინოვაციური მიდგომების, აუდიტის მეთოდებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე როგორც აუდიტის პროცესში, ისე კომუნიკაციის მიმართულებით. თავის მხრივ EUROSAI-ის სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობისა და გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა გენერალური აუდიტორის მოადგილემ ზაზა შეყილაძემ.

საქართველო EUROSAI-ის ხუთ თემატურ, მიზნობრივ სამუშაო ჯგუფშია ჩართული, რომელთა ლიდერებმა ჯგუფების საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარადგინეს: კატასტროფებსა და უბედურ შემთხვევებზე მიმართული სახსრების აუდიტის სამუშაო ჯგუფი (WGAFADC), IT აუდიტის სამუშაო ჯგუფი (ITWG), გარემოს დაცვის აუდიტის სამუშაო ჯგუფი (WGEA), ადგილობრივი თვითმმართველობების აუდიტის სამუშაო ჯგუფი (WGMA) და ეთიკის ქსელი (N.ET).

ბრატისლავაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საერთაშორისო და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე.