სახელმწიფო აუდიტის სამსახური

იურიდიული დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანა სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერაა.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტი:

  • მუშაობს სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის საკითხებზე (ამზადებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს, ახორციელებს შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას);
  • ახორციელებს სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმების პროექტების მომზადების სამართლებრივ უზრუნველყოფას;  
  • სამართლებრივ კონსულტაციას უწევს სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს;
  • ახორციელებს აუდიტის ანგარიშებსა და სხვა საკითხებზე შემოსულ საჩივრებთან/განცხადებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
  • ახორციელებს აუდიტის ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სასამართლო შუამდგომლობების მომზადების, ასევე აუდიტორული საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
  • უზრუნველყოფს სასამართლო და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში სამსახურის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას.  
     
ნატო ზაალიშვილი

ნატო ზაალიშვილი

დეპარტამენტის უფროსი

ნატო ზაალიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2008 წლიდან მუშაობს და იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. როგორც დეპარტამენტის უფროსი, წლების განმავლობაში აქტიურადაა ჩართული აუდიტის სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფასა და სამსახურში განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებში. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმიანობის დაწყებამდე, 2004-2008 წლებში ნატო ზაალიშვილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატში მუშაობდა, სადაც უფროსი სპეციალისტის, შემდეგ წამყვანი და მთავარი სპეციალისტის, ბოლოს კი, აპარატის უფროსის თანამდებობები ეკავა. 2006-2007 წლებში, იყო პარლმენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სპეციალისტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის საკითხს იკვლევდა.

2004 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების სააგენტოში საქმიანობდა, სადაც სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის პოზიცია ეკავა. 

ნატო ზაალიშვილს 2003 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და სასწავლო პროგრამა როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში.

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.