სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებზე, მის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის ან მის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და 50% და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოზე.

დეპარტამენტი უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებებს მიმდინარე წლისა და გასული წლის ბიუჯეტების შესრულების თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშების შესახებ, ასევე დასკვნას ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე.

დეპარტამენტი აუდიტის საფუძველზე ამზადებს ანგარიშებს ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის მიმართულებით, შეიმუშავებს რეკომენდაციებს შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების და დარღვევა-ნაკლოვანებათა პრევენციის მიზნით, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე; იკვლევს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.
 

კახაბერ კირტავა

კახაბერ კირტავა

დეპარტამენტის უფროსი

კახაბერ კირტავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2002 წლიდან მუშაობს. აუდიტის დეპარტამენტს აჭარის ა/რ-ში 2021 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს. მანამდე ის, 2011 წლიდან, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. 

2011 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე კახაბერ კირტავა აჭარის ა/რ-ში კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. 

2008-2011 წლებში, კახაბერ კირტავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (საქართველოს კონტროლის პალატის) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მართვის სამმართველოში საქმიანობდა, სადაც ჯერ მთავარი ბუღალტრის, შემდეგ კი, სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. 2003-2008 წლებში, ის საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა: ეკავა შესყიდვების განყოფილების უფროსის, საფინანსო სამმართველოს უფროსის მოადგილის და საბიუჯეტო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის თანამდებობები. 2002-2003 წლებში საფინანსო სამმართველოს აღრიცხვა-ანგარიშგების სპეციალისტად მუშაობდა. 

პროფესიული საქმიანობის პარალელურად, კახაბერ კირტავა პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა: 2019 წლიდან, სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - „შიდა აუდიტი მუნიციპალიტეტებისათვის“.

კახაბერ  კირტავას დამთავრებული აქვს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი შესყიდვების, ბუღალტერიისა და საჯარო აუდიტის საკითხებზე.  

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.