მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს საქართველოს კონტროლის პალატის ინიციატივით სასტუმრო „Courtyard Marriott“-ში სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს კონტროლის პალატის 2009-2011 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის მიმდინარეობის განხილვას.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრა გახსნა კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა. მან ვრცლად მიმოიხილა მიმდინარე წლის მაისის თვიდან, როდესაც შედგა კონტროლის პალატის 2009-2011 წლების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია, დღემდე გაწეული სამუშაოების დინამიკა, ყურადღება გაამახვილა სტრატეგიულ გეგმაში გაწერილი სამუშაოების შემაფერხებელ ასპექტებზე და ისაუბრა იმ კონკრეტული ღონისძიებების გატარების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიული გეგმის წარმატებით განხორციელებას.
„სტრატეგიულ გეგმაში არის საკითხები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს მოითხოვს და მხოლოდ კონტროლის პალატას არ ხელეწიფება არსებულ რეალობასთან გამკლავება. ასეთ სიტუაციებში გვჭირდება ჩვენი კოლეგებისა და დონორი ორგანიზაციების თანადგომა. ხშირია შემთხვევები, როდესაც დონორი ორგანიზაციები გამოთქვამენ თანამშრომლობისათვის აუცილებელ კეთილ ნებას, მაგრამ ამ კეთილ ნებას სჭირდება კოორდინაცია. სწორედ ამ კოორდინაციის ნაკლებობის შევსებას ისახავს მიზნად ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც. ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ ჩვენი მუშაობა“, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
სამუშაო შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბეჟან ბუცხრიკიძემ, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროექტის „სომხეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მხარდაჭერა“ ხელმძღვანელმა იურგენ ლემბერგმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ელენე იმნაძემ, პოლიტიკის მართვისა და კონსალტინგის ჯგუფის (PMCG) ხელმძღვანელმა ალექსი ალექსიშვილმა, ევროკომისიის წარმომადგენელმა მიშელ ჯამბომ, ევროპული თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (SIGMA) უფროსმა მრჩეველმა ბიანკა ბრეტეჩემ და სხვებმა.
„ამჟამად კონტროლის პალატა კვლავაც გარდამავალ ეტაპზეა. კონტროლის პალატის 2009-2011 წლების სტრატეგიული გეგმა მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომელთა ეტაპობრივი და თანმიმდევრული შესრულება უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ინსტიტუციის შექმნას სახელმწიფო (საჯარო) სექტორის სრულფასოვანი აუდიტის განსახორციელებლად“, - დასძენს ლევან ბეჟაშვილი.
სამუშაო შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.