ინფექციური დაავადებების პრევენციის პროგრამის აუდიტის წარმოებასთან დაკავშირებით, ASOSAI-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, რომელსაც 23 უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანი აუდიტორი ნინო შუბითიძე ესწრებოდა.
სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის სემინარი ჯანდაცვის აქტუალურ და ფუნდამენტურ თემებზე, მათ შორის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და მნიშვნელობა ინფექციური დაავადების საფრთხის დასაძლევად; ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული რისკები და პრევენციის მექანიზმები, ჯანდაცვის პროგრამები, მათ შორის ქვეყნებში არსებული ინფექციური დაავადებების პროგრამები და სხვა.
სასწავლო სემინარის მონაწილეებს ტრენერებმა ასევე წარუდგინეს პრეზენტაციები ჯანდაცვის აუდიტის თემებზე: ეფექტიანობის აუდიტის დაგეგმვა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, აუდიტის დიზაინ-მატრიცა, მისი სტრუქტურა და ელემენტები, ანგარიშის შედგენა და რეკომენდაციების შემუშავება.
სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობის მთავარი თემა კოვიდპანდემია, მისი გამოწვევები, ქვეყნების მზაობა და შედეგები იყო. მონაწილეებმა განიხილეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომელიც მდგრადი ჯანდაცვის სისტემების შემუშავებას, პრევენციულ ღონისძიებებსა და ამ პროცესში აუდიტის როლს ეხებოდა. დამსწრე აუდიტორებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება პოსტპანდემიური აუდიტების წარმოების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კოვიდპანდემიის თემაზე ორი ანგარიში მოამზადა - „დისტანციური სწავლება სკოლებში“ და „COVID-19-ის პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობა“.
სამუშაო შეხვედრები ორი კვირის განმავლობაში ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ჯანდაცვის სფეროს აუდიტთან დაკავშირებით გაიმართა ჯგუფური დისკუსიები, მონაწილე აუდიტორებმა შეასრულეს ჯგუფური და ინდივიდუალური პრაქტიკული დავალებები და წარმოადგინეს პრეზენტაციები.

.jpg)