სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა წალკის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა არსებითი ხასიათის სხვადასხვა დარღვევა-ნაკლოვანება:
- 2013-2014 წლებში წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ განუხილავს და არ დაუმტკიცებია ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშები. ასევე არ განხილულა არც ერთი კვარტლის შესრულების საკითხი. შედეგად, დარღვეულია საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები.
- 2013-2014 წლებში გამგეობას დაწესებული დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება არ განუხორციელებია. შედეგად არ შესრულდა საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნები და მუნიციპალიტეტმა დაკარგა ბიუჯეტში დამატებით თანხების მობილიზების შესაძლებლობა.
- მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით გააფორმა 85 ხელშეკრულება -საერთო ღირებულებით 919.5 ათასი ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში გამგეობას მიმწოდებლებთან ანგარიშსწორება არ მოუხდენია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მიხედვით, ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
- 2013-2014 წლებში 14 ხელშეკრულების ფარგლებში, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, დოკუმენტურად ვერ დასტურდება 3228 კბ.მ ქვიშის მიწოდება.
- ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად სოფელ თრიალეთში გრუნტის დამუშავების ღირებულება განისაზღვრა 35.4 ლარით, მაშინ როდესაც იმავე ხარჯთაღრიცხვაში ანალოგიური სამუშაოს ღირებულება იყო 5.9 ლარი. ცვლილებაში აღნიშნული ფასის გათვალისწინების შემთხვევაში სამუშაოების შესრულება შესაძლებელი იყო 13.3 ათასი ლარის ნაკლები დანახარჯით.
- 2013 წელს, სოფელ კუშში წყალსადენის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის, მიმწოდებელს გრუნტის დამუშავების სამუშაოების ერთეულის ღირებულება გაეზარდა მას შემდეგ, რაც სამუშაოები უკვე ჩაბარებული იყო და შესაბამისი ანაზღაურება მიღებული ქონდა. შედეგად შპს-ს დამატებით აუნაზღაურდა 10.6 ათასი ლარი.
- 2014 წელს სოფელ საბეჭისში წყლის რეზერვუარისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებზე დაიხარჯა 47.8 ათასი ლარი. სამუშაოები ჩაბარდა 2014 წლის 29 ოქტომბერს. მოსახლეობისა და პასუხისმგებელი პირის განმარტებით, წყლის სისტემის ჩართვა და სოფელზე წყლის მიწოდება დაიწყო მხოლოდ 2015 წლის მაისიდან, სამუშაოების დასრულებიდან შვიდი თვის შემდეგ.
- 2014 წლის 17 ივნისს, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერზე, მიმწოდებლებმა სავარაუდოდ დაარღვიეს აფიდავიტის მოთხოვნები, მეტი სარგებლის მიღების მიზნით.
- 2014 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა გზის კაპიტალური რემონტის სამუშაოები. ხელშეკრულების ფარგლებში გამგეობამ გზის სამოსის მომზადებაში მიმწოდებელს აუნაზღაურა 340.6 ათასი ლარი, მაშინ, როდესაც იგივე სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა შეასრულა 222.9 ათას ლარად.
- 2013 წელს შპს - „№2 საგზაო საექსპლოატაციო სამმართველოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რის შედეგადაც დაკარგა 18.4 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.
- წალკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების მოხრეშვით სამუშაოებზე ინერტული მასალის შესყიდვა-ტრანსპორტირების დოკუმენტაციის მიხედვით, ტრანსპორტირებული ხრეშის მოცულობა 316 კუბ.მ-ით ნაკლებია მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ რაოდენობაზე. შედეგად პირველადი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება 7.9 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება.
- „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესწავლისას გამოვლინდა, რომ 17.6 ათასი ლარის სამუშაოები დაზიანებულია და გამოსულია მწყობრიდან, ხოლო 78.8 ათასი ლარის სამუშაოები დაუსრულებელია.
- 2013-2014 წლებში გაცემულმა პრემიებმა ჯამში 696.9 ათასი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 100%-იანი პრემიები, წელიწადში 6-7-ჯერ, ძირითადად გაცემულია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებზე.
- 2013-2014 წლებში საკრებულოს არაანაზღაურებად დეპუტატებზე მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, ჯამში გაცემულია 259.5 ათასი ლარი, თუმცა აღნიშნული ხარჯის გაწევის დასადასტურებლად დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი.
- 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტს სულ გახარჯული აქვს 94.5 ათასი ლიტრი საწვავი, საერთო ღირებულებით 199.7 ათასი ლარი. საწვავის გამოყენებაზე გამგეობას არ აქვს შემუშავებული სათანადო კონტროლის სისტემა, ასევე განსაზღვრული არ არის სხვადასხვა თანამდებობის პირზე შესაბამისი ლიმიტები.
- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2013-2014 წლებში 7.9 ათასი ლარი დახარჯულია სხვადასხვა თანამდებობის პირისთვის მობილური ტელეფონების შესაძენად, მათ შორის გამგებლისთვის ტელეფონი შეძენილია ორჯერ საერთო ღირებულებით 2160 ლარი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისთვის სამჯერ ღირებულებით 2940 ლარი. ასევე ამ პერიოდში გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის შეძენილია 2 პლანშეტი, რაზედაც დაიხარჯა 1380 ლარი.
- 2013-2014 წლებში თვითმმართველ ერთეულში დარღვეულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“, რომლის მიხედვით, წალკის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის 3 სამსახურებრივი ავტომანქანა, ხოლო ფაქტობრივად იყენებს 5 ავტომობილს.
- გამგეობამ აუდიტის ჯგუფს ვერ წარმოუდგინა ფინანსური ანგარიშგებები 2013 და 2014 წლების 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდებისათვის, რითაც დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.
