სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა 2010-2012 წლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შ.პ.ს. „ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ და შ.პ.ს. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა ნაკლოვანებები:
ფსიქიატრიული დაწესებულებების, კერძოდ შ.პ.ს. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ და შ.პ.ს. „ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მიერ ხდებოდა არაპირდაპირი ხარჯების დაუსაბუთებელი მიკუთვნება მწვავე სტაციონარული მომსახურების კომპონენტზე, რის შედეგადაც 2011-2012 წლებში ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურდა 242.6 ათასი ლარი.
2010-2011 წლებში შესყიდვის პროცედურების არაეფექტიანად წარმართვის შედეგად ს.ს. „მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტმა“ 2012 წელთან შედარებით 69.0 ათასი ლარით მეტი ღირებულებით შეიძინა მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები.
შ.პ.ს. „ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ კვების პროდუქტების შესყიდვაზე ხელშეკრულებები ფორმდებოდა დაწესებულების კვების მენეჯერთან კავშირის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებთან. აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით 2010 წელს ტრანზაქციების ჯამურმა თანხამ შეადგინა 212.9 ათასი ლარი, რაც 2010 წელს კვების პროდუქტების შესყიდვაზე გადახდილი თანხის 91% შეადგენს.
2010-2011 წლებში ს.ს. „მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის“ მიერ შ.პ.ს. „რეფერალური ჰოსპიტალისათვის“ თანხების გადახდა ხდებოდა „ურგენტული მომსახურების“ ფარგლებში უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე, რის შედეგადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის, სტაციონარული მომსახურების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ზედმეტად გადახდილმა თანხამ ჯამში შეადგინა 10.8 ათასი ლარი.
