სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2010, 2011 და 2012 წლების საქმიანობის მოქმედ შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნალკლოვანებები:
კომპანიას არ აქვს საკანალიზაციო ქსელიდან ჩამდინარე სითხის გამწმენდი ნაგებობები და შესაბამისად, არ ხორციელდება ჩამდინარე სითხის გაწმენდითი სამუშაოები.
რიგ შემთხვევებში გამოვლინდა, რომ წყლის დაცვის მიზნით სათავე ნაგებობებზე არ არის შექმნილი ან არასრულყოფილია სანიტარიული დაცვის ზონები, რაც საფრთხეს უქმნის ამ ნაგებობებიდან წყლით მოსარგებლე მოსახლეობას.
აბონენტების სულადობის ცვლილება ხორციელდებოდა კომპანიაში შექმნილი კომისიის მიერ აბონენტის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და მოკვლევის საფუძველზე.
თუმცა, კომპანიის ბაზაში არის ისეთი აბონენტები, რომელთა სულადობა აღემატება გონივრულ რაოდენობას და ვერ ვრწმუნდებით კომპანიის უმრიცხველო აბონენტებისგან მიღებული შემოსავლების რეალობასა და სისრულეში.
შერჩევით მოვითხოვეთ 308 აბონენტის მრიცხველის ფოტოები, რათა იდენტიფიცირებულიყო მრიცხველის ჩვენებები. კომპანიამ 202 აბონენტის მრიცხველის ფოტო სურათი ვერ მოიძია, თუმცა ყოველთვიურად ბილინგის დეპარტამენტში შემოდიოდა ინფორმაცია იმ მრიცხველების ნულოვანი ხარჯის შესახებ, რომლებსაც ორგანიზაციამ ვერ მიაკვლია.
ანალიზისთვის შეირჩა 100 ისეთი იურიდიული პირი, რომელთა საშუალო ყოველთვიური დარიცხვებიც იყო ყველაზე მაღალი. ანალიზის შედეგად 33 იურიდიული პირის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ისინი აბონენტად რეგისტრაციამდეც ოპერირებდნენ აღნიშნულ მისამართებზე, თუმცა ვერ დგინდება აბონენტად რეგისტრაციამდე საიდან მიეწოდებოდათ მათ წყალი. არსებობს რისკი იმისა, რომ კომპანია გარკვეული ხნის განმავლობაში კარგავდა ასეთი აბონენტებიდან მისაღებ შემოსავალს.
21 შემთხვევაში, კომპანიამ ვერ წარმოადგინა ახალაშენებულ ობიექტებში განთავსებული და აბონენტად დარეგისტრირებული იურიდიული პირების წყალსადენ-წყალარინებზე დაერთების ვერც ტექნიკური პირობა და ვერც დაერთების გადასახადის დარიცხვის საბუთები.
კერძო სუბიექტებზე სპეციალური ტექნიკით მომსახურებისას, კომპანიაში არ წარმოებს ტექნიკის სამუშაოებზე გაყვანისა და შემდგომ მისი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების აღრიცხვა, ასევე არ წარმოებს სამუშაოების დაწყებისა და დამთავრების აღრიცხვა, შესაბამისად ჩვენ ვერ ვრწმუნდებით შესრულებულ სამუშაოებზე დახარჯული დროის სისწორეში.
2010-2012 წლებში სულ ელექტროენერგიის ხარჯმა შეადგინა 32,687,285 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის უშუალო მოხმარების ადგილებში არ აღირიცხება მოხმარებული ელექტროენერგია, ვერ დავრწმუნდით ქვესადგურებში აღრიცხული და ფაქტობრივად კომპანიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის სისწორეში. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ელექტროენერგიის არაკეთილსინდისიერი მოხმარების რისკი.
შესყიდვების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ტენდერების ჩატარების დროს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები მნიშვნელოვნად აღემატება სახელშეკრულებო თანხებს და ქმნის მაღალფასიანი შესყიდვის რისკს.
სამუშაოების დაგვიანებით შესრულების გამო, მომწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, რითაც კომპანიამ იზარალა 11,070 ლარის ოდენობით.
იხილეთ: ვრცლად სრული ანგარიში
