სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ 2013 წლის 1 იანვარი - 2013 წლის 31 დეკემბერი 10 აგვისტო, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ 2013 და 2014 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტების შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ:

შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ, 2013 წელს ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის, სამშენებლო-სარეაბილიტაციოს სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ორ შემთხვევაში, არასრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტით გამოცხადებული იქნა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, საერთო ღირებულებით 80 000 ლარი. ამავე შესყიდვის პროცესში პრეტენდენტს ფასების ცხრილი წარდგენილი ქონდა 1469 ლარით მეტი თანხით. რომელთან დაკავშირებითაც შემსყიდველის მიერ რეაგირება არ განხორციელებულა.

შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ 2013 წლის განმავლობაში საკუთრებაში ჰქონდა 23 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელზედაც წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილების და შესაბამისი სარემონტო სამუშაოებისათვის გახარჯულია 34 953 ლარი, მათ შორის ვერ იქნა წარმოდგენილი 6 741 ლარის ღირებულების საქონლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ანალოგიური შემთხვევაა 2014 წელსაც, რა დროსაც დოკუმენტის გარეშე გახარჯულია 5 933 ლარის ღირებულების შესყიდული საქონელი.

შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ 2013 და 2014 წლების საბალანსო მონაცემებით, დებიტორად აქვს აღრიცხული შპს „ბიოპოლუსი“, რომლის დავალიანება შეადგენს 4316 ლარს. ბათუმის სასწრაფოს მხრიდან, გარდა წერილობითი შეტყობინებებისა, არ განხორცილებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენება თანხის გადახდევინების მიზნით.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

სრული ანგარიში