მიმდინარე წლის 25- 27 მარტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ გერმანული კერძო აუდიტორული ფირმის „Rödl&Partner" ექსპერტები გერჰარდ რიხტერი და ოლივერ ქუსტი.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საპილოტე, შედარებითი ფინანსური აუდიტის დაგეგმვა და ადგილზე, დმანისსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აუდიტორებთან ერთად ერთობლივი შემოწმებების განხორციელება.
შედარებითი აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პირველად ტარდება და გულისხმობს ერთდროულად სამ მუნიციპალიტეტში ფინანსური საქმიანობის შემოწმებას. შედარებითი აუდიტი საშუალებას მისცემს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების დონეზე გამოავლინოს ფინანსური საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა და განსაზღვროს არსებული პრობლემების გადაჭრის საუკეთესო შესაძლებლობები.
შედარებითი აუდიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ხელშეწყობით ხორციელდება.
