დღეს, 21 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტს, კაი შელერს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას შეხვდა.
პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ასევე ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის, მიღწევებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning) ხელს შეუწყობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებას.
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning) ევროკავშირის წევრ და მიმღებ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ინსტრუმენტია. ამჟამად, პროგრამის ფარგლებში პროექტი - „საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ მიმდინარეობს, რომელსაც გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანო და პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობით ახორციელებს.
