სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წლის 17 მარტს უმასპინძლა შემაჯამებელ შეხვედრას სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების კოორდინირებულ პარალელურ აუდიტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეხვედრა გაიმართა უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფისა და უკრაინის საანგარიშო პალატის კოორდინაციითა და ორგანიზებით. სახელმწიფო ვალის მართვის ელექტრონული სისტემების აუდიტი პარალელურად ტარდებოდა 11 სხვადასხვა ქვეყანაში. აღნიშნული საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზები და შესაბამისი რეკომენდაციები.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის პარალელურ აუდიტში მონაწილეობა წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის დანერგვისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი IT აუდიტის მიდგომის დანერგვა და განვითარება.
აღნიშნული ამოცანის მისაღწევად სამსახურსა და მსოფლიო ბანკს შორის 2015 წლის 5 თებერვალს გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარება“ http://www.worldbank.org/en/news/press-release/2015/02/05/world-bank-supports-state-audit-office-of-georgia-in-implementation-and-development-of-the-it-audit-direction IT აუდიტის დანერგვა და განვითარება ხელს შეუწყობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებას და შესაბამისად, საჯარო ფინანსების უკეთესად მართვას.
მასშტაბური შეხვედრის მასპინძლობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან.
