6 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით, გაიმართა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც წამოდგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. სამუშაო ჯგუფის შექმნაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2015 წლის 4 თებერვალს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
დეკლარაციების მონიტორინგი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დონეზე აპრობირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ინსტიტუტის დანერგვა საქართველოში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს რეკომენდაციები მონიტორინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა, OECD-ACN და GRECO.
სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანია საქართველოში არსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების სისტემის მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულის დასადგენად. სამუშო შეხვედრაზე განხილულ იქნა მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპონენტი, როგორიცაა, შემოწმების კრიტერიუმები, შემოწმების ფარგლები, შემოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოები, სანქციები და დეკლარაციებთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.