სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო 26 აგვისტო, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეეძლო 2013-2014 წლებში „შრომის ანაზღაურების“ მუხლი წლის განმავლობაში გაეზარდა თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის 1/12-ზე მეტი ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევით, 2013-2014 წლებში მუხლი გაზრდილია 2 938.1 ათასი ლარით. გაზრდილი თანხით ძირითადად პრემიებია დაფინანსებული.

2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 1 095.9 ათასი ლარი, რაც „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლით დახარჯული თანხის 42,7%-ს შეადგენს. 2013 წელს პრემიის მოცულობა 2 863.2 ათასი ლარია, თანამდებობრივი სარგოს - 81,5%. 2014 წელს საპრემიო თანხა და სახელფასო დანამატი 4 249.8 ათას ლარს შეადგენს, აღემატება თანამდებობრივ სარგოს და ამ მუხლის 106,5%-ია. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში პრემია გაცემულია თანამდებობრივი სარგოს 200%-300%-ის ოდენობით.

საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის მოხელეებზე დანამატის გაცემის წესი საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა კანონდარღვევით. ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის დეკემბერში თანამდებობის პირებზე დანამატის სახით გაცემულია 36.4 ათასი ლარი. აღნიშნული პრაქტიკა გაგრძელდა 2015 წელსაც.

2012-2014 წლებში საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, ხარჯების ანაზღაურების სახით სულ გაცემულია 1 449.1 ათასი ლარი. ხარჯების დასადასტურებლად აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები.

სტუმრების მიღებისათვის 2012-2014 წლებში შეძენილია 74.3 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტი (ყავა, ჩაი, ტკბილეული, უალკოჰოლო სასმელები და ა.შ.). ოფიციალური ღონისძიებებისა და ფურშეტების ორგანიზებისათვის დაიხარჯა 52.3 ათასი ლარი.

„წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან 55.5 ათასი ლარი დახარჯულია საჩუქრების შესაძენად. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, საჩუქრები შესყიდულია საკრებულოს სტუმრებისათვის, მათ შორის 7.1 ათასი ლარის ალკოჰოლური სასმელები. აქედან, 2013 წლის აგვისტოში შეძენილი 1.7 ათასი ლარის ღირებულების 10 დასახელების სასმელი გადაეცა საკრებულოს თავმჯდომარეს, სტუმრების გამასპინძლების მიზნით.

საკრებულოს კუთვნილ ზოგიერთ ავტომანქანაზე დოკუმენტირებულად გაწერილი საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად (71% - 89%-ით) აღემატება ექსპერტიზის მიერ დადგენილ ნორმებს.

საკრებულომ, რიგ შემთხვევებში, ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, რომ სამსახურებრივი მივლინების შესახებ გადაწყვეტილებები განპირობებული იყო ობიექტური საჭიროებებით.

2012-2014 წლებში სარევიზიო კომისიის შენახვის ხარჯებმა 1 507.6 ათასი ლარი შეადგინა. საკრებულოს არ მოუსმენია ინფორმაცია სარევიზიო კომისიის არც ერთი შემოწმების შესახებ და არ განუხილავს აქტებში დაფიქსირებული დარღვევა-ნაკლოვანებები. აგრეთვე, სარევიზიო კომისიას წარმომადგენლობით ორგანოში არ წარუდგენია თავისი საქმიანობის ანგარიშები.

2013 წლის 20 დეკემბერს, კანონმდებლობის დარღვევით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შეძენილია კომპიუტერული ტექნიკა, კერძოდ, iMAC 27, ღირებულებით - 4.4 ათასი ლარი.

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სავარაუდოდ კანონდარღვევით დაკანონებული მიწები.

ქ. თბილისის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილების დროს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ზოგჯერ არ ეფუძნება საკმარის დასაბუთებას, არ ჩანს, რამ გამოიწვია ზონირების შეცვლა, მათ შორის, რეკრეაციული დანიშნულების მიწებისათვის.

სრული ანგარიში