სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ფინეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში თვითშეფასების სამუშაო შეხვედრა გაიმართა 10 თებერვალი, 2020

სტრატეგიული ანალიზის სამსახურის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ კახიძე  ლატვიისა და სერბეთის აუდიტორული უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში,მოდერატორის რანგში, IntoSAINT-ის სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდა. 

IntoSAINT წარმოადგენს თვითშეფასების ინსტრუმენტს, რომელიც უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციებს კეთილსინდისიერების პოლიტიკის მექანიზმების დანერგვასა და განვითარებაში ეხმარება.

ფინეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრებში აუდიტორული უწყების 17 თანამშრომელი მონაწილეობდა.

სამუშაო შეხვედრების შედეგად, მოდერატორებმა ფინეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უმაღლეს მენეჯმენტს წარუდგინეს ანგარიში და პრეზენტაცია, სადაც განხილულ იქნა IntoSAINT კეთილსინდისიერების თვითშეფასების მეთოდოლოგია, სამსახურში ჩატარებული თვითშეფასების შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები. 

IntoSAINT მეთოდოლოგია ნიდერლანდების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მიერ შემუშავდა და მისი გამოყენებით კეთილსინდისიერების თვითშეფასება 30-ზე მეტმა უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანიზაციამ, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც განახორციელა.