სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ფინეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მემორანდუმი გაფორმდა 04 აპრილი, 2019

ფინეთში სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის ერთობლივი დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოსა და ფინეთის უმაღლეს აუდიტორულ უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას, ჰელსინკიში ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის გენერალურმა აუდიტორებმა -  ირაკლი მექვაბიშვილმა და  ტუტი ილი ვიიკარიმ.

საქართველოსა და ფინეთის უმაღლესი აუდიტორული უწყებების თანამშრომლობისა და გამოცდილების  გაზიარების ინიციატივა მარტის დასაწყისში, იერუსალიმში გამართული EUROSAI-ASOSAI კონფერენციის ფარგლებში გაჩნდა. კონფერენციაზე  ფინეთის გენერალური  აუდიტორის ინტერესი გამოიწვია რეკომენდაციების მონიტორინგის მექანიზმმა, რის შესახებაც ირაკლი მექვაბიშვილმა კონფერენციაზე წარდგენილ პრეზენტაციაში ისაუბრა.

ორი ქვეყნის გენერალური აუდიტორების მიერ ჰელსინკიში ხელმოწერილი მემორანდუმი  აუდიტორული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე გამოცდილებების გაზიარებას ითვალისწინებს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ორი ქვეყნის  უმაღლესი აუდიტორული უწყებების წარმომადგენლებმა აუდიტის მიმართულებებზე, რისკზე დაფუძნებული აუდიტის დაგეგმვასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს გავლენის შეფასების მეთოდოლოგიასა და პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხები.

ლატვიასა და ფინეთში საქართველოს დელეგაციას  სახელმწიფო აუდიტის სამსახური და  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წარმოადგენდა.

დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის პროექტის -  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება"  ფარგლებში განხორციელდა.