სახელმწიფო აუდიტის სამსახური

უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობაზე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ახალი ღონისძიებები დაიგეგმა  29 იანვარი, 2024

ევროკავშირის პროექტის „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

პროექტის ხელმძღვანელთან იოჰან ჰომსთან შეხვედრაზე გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა და გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა აუდიტის სამსახურის ჩართულობით 2022-2023 წელს განხორციელებული და მიმდინარე წელს ჩასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, გასულ წელს, პოლონეთის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციასთან კოორდინაციით ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, რაც ძალოვანი და სამართალდამცავი უწყებების აუდიტის მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გაძლიერებას ემსახურება.  

წელს დაგეგმილია შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის გამოცდილების გაზიარება უსაფრთხოების სექტორის ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტების მიმართულებით, ასევე აუდიტორების ტრენინგები სპეციფიურ საკითხებთან დაკავშირებით.

ევროკავშირის პროექტის „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ბენეფიციარი სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2021 წლიდან არის. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე, ასევე, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ხითარიშვილი, ხოლო ევროკავშირის პროექტის მხრიდან პროექტის ოფიცერი სალომე კილაძე.