სახელმწიფო აუდიტის სამსახური

უსაფრთხოების სექტორის აუდიტორებმა ხორვატიის გამოცდილება გაიზიარეს 27 სექტემბერი, 2024

ევროკავშირის პროექტის „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებმა ხორვატიის გამოცდილება გაიზიარეს. 

უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკა აუდიტორებს ხორვატიის თავდაცვისა და უსაფრთხოების აუდიტის მიმართულების ექსპერტმა ზვონკო შირიჩმა თბილისში ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში გააცნო. 

ტრენინგის თემები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ეფექტიანობის, შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტების წარმოებასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ საკითხებს მოიცავდა. ტრენინგზე აუდიტორებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ხორვატიის უსაფრთხოების სტანდარტებსა და რეფორმების სამართლებრივ ჩარჩოზე. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებს სამუშაო და სასწავლო შეხვედრები ჰქონდათ შვედეთის და პოლონეთის აუდიტორულ ორგანიზაციებსა და უსაფრთხოების სექტორის ექსპერტებთან. 

პროექტის მიზანია უსაფრთხოების საზედამხედველო ინსტიტუციების, პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და სხვა აქტორების შესაძლებლობების გაძლიერება უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მიმართულებით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროკავშირის პროექტის - „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ბენეფიციარი 2021 წლიდან არის.