პროგრამული ბიუჯეტის მიმართულებით პროფესიული შესაძლებლობების განვითარების 1 წლიანი პროექტის პირველი ციკლის ფარგლებში, 2015 წლის 8-9 დეკემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ჩატარდა ტრენინგ-კურსი „პროგრამული ბიუჯეტის“ შესახებ, რომელსაც უძღვებოდა ავსტრალიელი ექსპერტი არნოლდ ჰოითინკი. ტრენინგ-კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 30 თანამშრომელი ესწრებოდა.
ტრენინგ-კურსის ფარგლებში განხილული იქნა პროგრამული ბიუჯეტირების - როგორც შედეგზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობა, ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკული მაგალითები. ამასთან, აქცენტი გაკეთდა პროგრამის შეფასების მნიშვნელობასა და მის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, შეხვედრები მოიცავდა პრაქტიკულ დავალებებსაც, რომელიც შესრულებულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლების მიერ.