სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებმა სტაჟირების პირველი ეტაპი დაასრულეს. მათ სამსახურის მიერ საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან ერთად დაგეგმილი პროფესიული ტრენინგები გაიარეს და შუალედური გამოცდა ჩააბარეს.
პროგრამა გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ღია კონკურსის წესით ექვსი ახალგაზრდა შეირჩა. სტაჟიორები ტრენინგების პარალელურად ეფექტიანობის, ეკონომიკის სფეროს, თვითმმართველი ერთეულების აუდიტის და აფხაზეთის ა/რ-ში აუდიტის დეპარტამენტებში პრაქტიკულ საქმიანობაში არიან ჩართულები. პროგრამის მონაწილეებს სტაჟირების ვადა გაუხანგრძლივდათ და აუდიტორულ პრაქტიკას კიდევ ექვსი თვით გაივლიან.
აუდიტორ-სტაჟიორებს გენერალური აუდიტორის მოადგილეები სოფიო დვალიშვილი, ზაზა შეყილაძე და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო მდინარაძე შეხვდნენ. მათ პროგრამის მონაწილეებისგან მოისმინეს განვლილი ექვსი თვის შეფასება, მიღებული გამოცდილება, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მოლოდინები.
ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორთა მეოთხე ნაკადია. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სამსახურში 2018 წელს დაინერგა. სულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, პროფესიული სტაჟირების შემდეგ 32 ახალგაზრდა დასაქმდა.