სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სულიერებისა და კულტურის ცენტრის 2011 - 2014 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი. ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით შედგა ანგარიში, რომელშიც გამოითქვა პირობითი მოსაზრება.
აუდიტის პერიოდში გახარჯული საწვავის და გადარიცხული სატელეფონო მომსახურების ლიმიტები არ იყო შეთანხმებული ცენტრის საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან.
დადგინდა, რომ 2011 – 2014 წლების ბალანსები არ იყო წარდგენილი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანოსათვის. გარდა ამისა დადგინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ არ იყო დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი ორგანიზაციის ბალანსის შესამოწმებლად, შედეგად ფინანსური ანგარიშგების აუდიტი არ განხორციელებულა დადგენილი წესის შესაბამისად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 23 ივნისის N28 დადგენილებით დამტკიცებული „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ დებულების მიხედვით, ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს აფხაზეთის მთავრობა. აღნიშნულის მიუხედავად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011-2014 წლების ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის კანონის მიხედვით, ცენტრის ასიგნებების მოცულობა განსაზღვრულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში.
