სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2012, 2013 და 2014 წლების განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის აუდიტი.
ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის შეუსაბამობები და ხარვეზები. მათგან მნიშვნელოვანია შემდეგი:
2012 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ბიუროს საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა 2360 ლარით აღემატება შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 20%-ს. აღნიშნულით დარღვეულია ,,2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი.
2012 წელს დაგეგმვის ეტაპზე საშტატო რიცხოვნობა განსაზღვრულია მნიშვნელოვნად დიდი ოდენობით, ვიდრე შემდგომში წლის განმავლობაში რეალური საშტატო რიცხოვნობაა (ბიუროში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 15 ერთეულს, საშტატო ნუსხით დამტკიცებული რაოდენობის 71%-ს). აღნიშნულის გამო, შრომის ანაზღაურების მუხლით გათვალისწინებული გადასახდელები (ეკონომიები) ნაწილდებოდა თანამშრომლებზე პრემიების მუხლით.
2012 წლის განმავლობაში შტატგარეშე მოსამსახურეებად შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულია თანამშრომლები მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად მაშინ, როდესაც იმავე ფუნქციის შესასრულებლად საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამდებობები არ არის სრულად დაკომპლექტებული. არ არის გათვალისწინებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები.
2012 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 50 000 ლარი მოთხოვნილია მიმდინარე წელს დაგეგმილი სხვადასხვა პროექტების წარმატებით განსახორციელებლად, ხოლო შემდეგ ბიუროს უფროსის წერილის საფუძველზე აღნიშნული თანხა გაცემულია პრემიებზე ისე, რომ ბრძანებებში არ არის მითითებული პრემიის გაცემის დასაბუთება. აღნიშნული პროექტები ბიუროს მიერ არ განხორციელებულა.
2012 წლის განმავლობაში ბიურომ ,,2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების გაუთვალისწინებლად, წლიური საპრემიო ფონდი გაზარდა ,,თანამდებობრივი სარგოს“ მუხლში გამოწვეული ეკონომიიდან შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 49%-მდე (სარეზერვო ფონდის გარეშე).
2013 წელს მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით, ბიუროს უფროსის მიერ მოთხოვნილია საპრემიო ფონდის წლიური მოცულობის გაზრდა შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 35%-ით. ამ პერიოდში, პრემიის მუხლით გაწეული მთლიანი ხარჯის 72.3% მიღებული აქვს ბიუროს უფროსს 9 თვის განმავლობაში.
2012 წლის განმავლობაში ბიუროში არ არის ჩატარებული ინვენტარიზაცია, რაც ეწინააღმდეგება ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ წესს.
2012-2013 წლების განმავლობაში ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოყენებული დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველად საბუღალტრო დოკუმენტებს და სააღრიცხვო რეგისტრებს, არასრულყოფილად არის წარმოებული არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვა და ფაქტიურად არ არსებობს არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი. შესაბამისად, არ არის დაცული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის ნორმები.
2012 წელს ბიუროს მიერ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების გაუთვალისწინებლად, საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული მის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო საკუთრებში არსებული უძრავი ქონება.
ბიუროს მიერ 2012 -2013 წლებში როუმინგული მომსახურებისთვის გახარჯული 29 001 ლარი წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს, რადგან „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება არ ითვალისწინებს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებისათვის ქვეყნის გარეთ მივლინების პერიოდში კავშირგაბმულობის ხარჯების ანაზღაურებას.
2012 წელს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის შესახებ ბიუროს მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, ვერ დავრწმუნდით 3 047 ლარის ხარჯის მიზნობრიობაში.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.
