სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2012 და 2013 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის მიზანს წარმოადგენდა სააგენტოს საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლა.
- ქალაქ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №42-ში მდებარე ხუთი ერთეული შენობა-ნაგებობა და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ნაგებობების დემონტაჟის გათვალისწინებით, გაიყიდა საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. სააგენტოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა აღნიშნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პირობით პრივატიზება.
- ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებულია ქ. თბილისში, კაიროს ქუჩა №15-ში მდებარე 4,362 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 8 ერთეული შენობა-ნაგებობა, რომლის საწყის ფასად სააგენტომ დაადგინა 175,000 ლარი, რაც აუდიტორის მიერ შეფასებულ საბაზრო ფასთან შედარებით 245,000 ლარით, ხოლო ფაქტობრივად გაყიდულ ფასთან შედარებით 145,000 ლარით ნაკლებია.
- ზოგიერთ შემთხვევაში, აუდიტორული დასკვნებით არ არის განცალკევებული მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ღირებულებები, რაც შეუძლებელს ხდის განისაზღვროს გათვალისწინებულია თუ არა საწყის საპრივატიზებო საფასურში მი!წის ნორმატიული ღირებულება.
- სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთგაცვლისას, მათი ღირებულებები განსაზღვრულია შედარების მეთოდით. აუდიტორულ დასკვნებში მოყვანილია იდენტური შესადარისი მაგალითები, თუმცა შეფასებები მნიშვნელოვნად განსხვავადება ერთმანეთისგან. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში ღირებულებები განსაზღვრულია შესადარისი მაგალითების წარმოდგენის გარეშე.
სააგენტოს, როგორც სახელმწიფო საწარმოების პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების ანალიზისას გაირკვა, რომ:
- ზოგიერთ შემთხვევაში საწარმოების ბიზნეს-გეგმები დამტკიცებულია არაგონივრულ ვადაში;
- აუდიტის პერიოდში არ განხორციელებულა საწარმოთა უარყოფითი ფინანსური შედეგების გამომწვევი მიზეზების სრულყოფილი ანალიზი;
- არ ხორციელდებოდა საწარმოთა კაპიტალში შეტანილი თანხის ხარჯვისა და საწარმოების მიერ მიღებული სესხების მიზნობრიობის, დანიშნულებისა და გამოყენების მონიტორინგი.
