სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობის 2012-2013 წლების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:
- უნივერსიტეტის ბალანსზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, აღრიცხულია 9 967 539 ლარის ღირებულების უძრავი ქონება. უნივერსიტეტი ბალანსზე არსებული ქონების ნაწილს სათანადოდ ვერ განკარგავს და მისი გამოყენება შეუძლებელია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ეკონომიკური საქმიანობისთვის.
- უნივერსიტეტმა ზედმეტად მიიღო შემოსავალი სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რამაც შეადგინა 73 949 ლარი.
- მოიჯარეების მიერ საიჯარო ქირის გადახდა ხორციელდებოდა ხელშეკრულებით
- განსაზღვრული ვადის დარღვევით, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან არ ხდებოდა ვადაგადაცილებულ დღეებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა. სულ დასარიცხი ჯარიმის თანხამ აუდიტის პერიოდში შეადგინა 4 510 ლარი.
- ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალზე ზეგანაკვეთური სამუშაოს და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციის შესრულებისთვის სახელფასო დანამატისა და პრემიის სახით გაცემულია 1312153 ლარი, რომლის მართლზომიერება და საფუძვლიანობა აუდიტის ჯგუფმა ვერ დაადასტურა.
- ცალკეულ შემთხვევებში, უნივერსიტეტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის აღწერილობა, პრეტენდენტების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, მიწოდების პირობები და არაერთგვაროვანი მიდგომა ზღუდავდა ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას და ვერ უზრუნველყოფდა სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, რაც იწვევდა საჯარო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას.
- უნივერსიტეტი არ ახდენდა შრომის ბაზრის კვლევასა და კურსდამთავრებულთ დასაქმების ანალიზს, რასაც უნდა დაფუძნებოდა ფაკულტეტების პრიორიტეტულობის და თითოეული ფაკულტეტის მიხედვით მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრა.
უნივერსიტეტის მიერ არ განხორციელებულა დანერგილი სტანდარტით გათვალისწინებული კვლევები, რომელიც ხელს შეუწყობდა შეფასებულიყო სასწავლებლის არსებული მდგომარეობა კონკურენტ უნივერსიტეტებთან მიმართებაში, შეთავაზებული სწავლების ხარისხის მიხედვით.
სასწავლო პროგრამების კურიკულუმებისა და სილაბუსების შერჩევითი შესწავლით გამოვლინდა, რომ ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილი სახელმძღვანელოები შეუსაბამობაშია დადგენილ სტანდარტთან.
აუდიტის ანგარიში შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს.
