სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ (შემდეგში სააგენტო) 2014 წლის ბუღალტრული ანგარიშგების აუდიტი, რომლის მიხედვით ვერ მოხერხდა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულების მოპოვება აუდიტის დასკვნის გასაცემად.
დასკვნის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია შემდეგი გარემოებები:
- სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა დასრულებული ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია და შესაბამისად ვერ იქნა მოპოვებული საკმარისი აუდიტორული რწმუნება სააგენტოს ბალანსზე აღრიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების სისრულესა და არსებობაზე.
- სააგენტოს ბალანსზე ირიცხება ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანებები, რომელთა ჯამი 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს - 1,648,375 ლარს. აღნიშნული დავალიანებების შესახებ სააგენტომ გააგზავნა დასტურის წერილები თუმცა მათი მოთხოვნის მიუხედავად, დებიტორებისგან პასუხები არ მოსულა. საკმარისი რწმუნების მისაღებად დამატებითი აუდიტორული პროცედურების ჩატარება შეუძლებელია, შესაბამისად ვერ მოხერხდა აღნიშნული დებიტორული დავალიანებების სიზუსტის დადგენა.
- სააგენტოს შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიატების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური, სადაც გამოვლინდა კონტროლის სისუსტე. აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ იქნა მოპოვებული საკმარისი აუდიტორული რწმუნება სააგენტოს ბალანსზე აღრიცხული შემოსავლების სისრულეზე.
ასევე უნდა აღინიშნოს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც:
- სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ბალანსზე 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ირიცხება უძრავი ქონება თანხით - 7,165,714 ლარი, მათ შორის, შენობები - 649,017 ლარის და ნაგებობები - 6,516,697 ლარის, ასევე ნაპირსამაგრი ნაგებობები. აღნიშნულ ქონებაზე სააგენტოს არ აქვს ინფორმაცია, არ არის დაზუსტებული საკუთრების უფლება და მათი არსებობა.
- სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შესყიდვების დოკუმენტაციის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მიღება- ჩაბარების აქტების ნაწილზე არ იყო მითითებული თარიღები, რის გამოც ვერ მოხერხდა ბუღალტერიაში აღრიცხვის შესაბამისობის დადგენა და ვერ გამოვლინდა შესაძლო დასარიცხი ჯარიმები.
- 2014 წელს თანამშრომლებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2014 წლის 15 ივლისის N449 მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ, შემცირდა პრემიის გაცემის პერიოდულობა, მაგრამ არა მოცულობა. ამასთანავე, გაიზარდა დანამატების მოცულობა.
