სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი” შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2010-2012 წლების 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდებისათვის 07 თებერვალი, 2014

აუდიტის მიზანს წარმოადგენდა აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რიგ შემთხვევებში აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციის და საინსპექციო კონტროლის სამუშაოების ჩასატარებლად მოწვეული იყვნენ ექსპერტები, რომლებიც იმავე ან მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში იყვნენ დასაქმებულნი, სადაც უნდა ჩატარებულიყო აღნიშნული სამუშაოები.

გარდა ამისა, გამოიკვეთა უმნიშვნელო ხარვეზები და შეუსაბამობები ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციასთან; სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონებთან; საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესთან.

ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სამივლინებო ხარჯების გაწევისას არ იყო წარმოდგენილი მივლინებაში მყოფი პირების მიერ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდშივე, აკრედიტაციის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე დააბრუნა დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე გახარჯული სამივლინებო თანხები.

იხ. სრულად