22-26 მარტს მსოფლიო ბანკის ორგანიზებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისათვის გაიმართა სემინარი თემაზე: „მსოფლიო ბანკის პროცედურებით შესყიდვების შემდგომი შეფასება (Post Review)“ . აღნიშნულ სემინარს მსოფლიო ბანკის შესყიდვების სპეციალისტი, სანდრო ნოზაძე უძღვებოდა.
ტრენინგის მიზანს წარდმოადგენდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების მიმართულებით. ტრენინგზე განხილულ იქნა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების მთლიანი ციკლი: მათ შორის საქონლის, სამუშაოსა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისათვის აუცილებელი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და მიღებული სატენდერო წინადადებების შეფასება. ამასთან, განხილულ იქნა პრაქტიკული მაგალითები საქართველოს რეალობიდან გამომდინარე.
აღნიშნული ტრენინგით საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიით განსაზღვრული აუდიტის ახალი მიმართულების განვითარებას - დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტს.
დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტის დანერგვით სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალში უზრუნველყოფს პროექტების როგორც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აუდიტს, ასევე, მათ შეფასებას საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებთან მიმართებაში.
