სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სემინარი თემაზე: „მსოფლიო ბანკის პროცედურებით შესყიდვების შემდგომი შეფასება (Post Review)“ 20 აპრილი, 2016

 2016  წლის 18-20 აპრილს მსოფლიო ბანკის ორგანიზებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისათვის  გაიმართა სემინარი თემაზე: „მსოფლიო ბანკის პროცედურებით შესყიდვების შემდგომი შეფასება (Post Review)“. სემინარს უძღვებოდა მსოფლიო ბანკის შესყიდვების სპეციალისტი, სანდრო ნოზაძე.

აღნიშნული სემინარის მიზანი იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების მიმართულებით, რათა ერთობლივად მოხდეს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტებისათვის ყოველწლიური შესყიდვების შემდგომი შეფასება. მსოფლიო ბანკთან ერთად აღნიშნული  შეფასების   პროცედურის განხორციელება  დაგეგმილია 2016 წლის 27 აპრილიდან 6 მაისამდე.

ტრენინგზე განხილულ იქნა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების მთლიანი ციკლი: მათ შორის, საქონლის, სამუშაოსა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისათვის აუცილებელი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და მიღებული სატენდერო წინადადებების შეფასება. ამასთანავე, განხილულ იქნა პრაქტიკული მაგალითები საქართველოს რეალობიდან გამომდინარე.

აღნიშნულ თემაზე ტრენინგი გაიმართა 2015 წლის 22-26 მარტს და საგულისხმოა, რომ  მსოფლიო ბანკის მიერ  ანალოგიური ტრენინგის  ჩატარება იგეგმება ყოველწლიურად, რათა სამომავლოდ მოხდეს აღნიშნული ფუნქციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მინიჭება და სას-ში დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტის დანერგვა.

დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტის დანერგვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალში უზრუნველყოფს პროექტების როგორც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აუდიტს, ასევე, მათ შეფასებას საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებთან მიმართებაში.