სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ 2014 – 2017 14 სექტემბერი, 2022

საჯარო სამსახურების დაძმობილება (Twinning) არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისთვის. პროექტი განახორციელა გერმანულ-პოლონურმა კონსორციუმმა – გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს – Bundesrechnungshof (BRH) ხელმძღვანელობით და პოლონეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის – Najwyższa Izba Kontroli (NIK) მხარდაჭერით. 

პროექტი უზრუნველყოფდა დახმარებას ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობასა და ეფექტიან მმართველობას და პირდაპირ უკავშირდება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 1.2 ქვემუხლს „დემოკრატიისა და პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“. 

პროექტის შედეგები:

  • გაძლიერდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზაციული და რესურსების მართვა.
  • განახლდა სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურა.
  • გადაიხედა სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმა, წლიური სამოქმედო გეგმა, აუდიტის გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცედურები.
  • შეიქმნა მეთოდოლოგიური ინსტრუქციები.
  • სამსახურმა განაახლა შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტების მიდგომები, რის შესაბამისადაც ერთმანეთისგან გაიმიჯნა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი.
  • სამსახურმა დაიწყო რისკზე დაფუძნებული აუდიტის სტრატეგიის გამოყენება აუდიტის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
  • დაიწყო IT აუდიტის დანერგვა.
  • გადაიხედა და განახლდა აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცედურა.
  • საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ბაზაზე შეიქმნა აუდიტის დასკვნების განმხილველი საპარლამენტო ჯგუფი, სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
  • დაიწყო აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემის (AMS) დანერგვა.
  • დაიწყო თანამშრომელთა შეფასების სისტემის დანერგვა და განხორციელდა საპილოტე შეფასება.
  • სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით განისაზღვრა სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მიმართულებები.
  • გაიმართა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მაღალი რანგის შეხვედრები, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ასევე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებისათვის, გერმანიისა და პოლონეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებში.
  • გერმანელი და პოლონელი ექსპერტების ხელმძღვანელობით ჩატარდა პროექტის მმართველი საბჭოს 26 შეხვედრა, გერმანელი და პოლონელი ექსპერტების 53 მისია, ხოლო სამსახურის თანამშრომლებმა პროექტის განხორციელების პერიოდში გაიარეს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით.