სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსმა ლაშა კელიხაშვილმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის წარმოების ტრენინგში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის ორგანიზებით, აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის 16 ქვეყნის წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
ტრენინგზე განიხილეს სახელმწიფოს ინსტიტუციური სექტორიზაციის მნიშვნელობა, სექტორიზაციის პროცესში გამოყენებული მიდგომები და გამოწვევები; ბიუჯეტის დეფიციტზე გავლენის მქონე და გავლენის არმქონე ფინანსური ტრანზაქციების კლასიფიკაციის საკითხები და ამ ორი კატეგორიის სასაზღვრო ტრანზაქციების კლასიფიკაციის დეტალური მეთოდოლოგია; მთავრობის ვალის და პირობითი ვალდებულებების აღრიცხვა-ანგარიშგების და კლასიფიკაციის საკითხები; სახელმწიფო დანახარჯების ფუნქციონალური კლასიფიკაცია და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შორის არსებული ურთიერთკავშირი. ტრენინგის ფარგლებში ასევე იმსჯელეს განხილულ საკითხებთან მიმართებით, შესაბამის ქვეყნებში არსებულ მიდგომებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარი თემა იყო ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინიციატივა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს განახლების შესახებ. ტრენინგის მონაწილეებს დაევალათ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით პოტენციურად გასათვალისწინებელი საკითხების იდენტიფიცირება.
ტრენინგს, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შედგა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან და ქვეყნიდან მოწვეულ ექსპერტებთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ნორიაკი კინოშიტა და გარი ჯონსი უძღვებოდნენ.
