სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გადაწყვიტა, შეესწავლა სახელმწიფო საწარმოების მართვისა და განკარგვის პროცესი და დაედგინა, რამდენად გამართული და ეფექტიანია არსებული სისტემა. ამ მიზნით, შესწავლილ იქნა საწარმოთა მართვის მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტები, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და შრომის ანაზღაურების, ასევე საწარმოთა პრივატიზების საკითხები და დივიდენდების მობილიზების პროცესების დროულობა და მართებულობა. აუდიტი მოიცავს პერიოდს 2012 წლიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფოს მმართველობითი ფუნქციები არ არის განსაზღვრული: საწარმოთა დაარსების და საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები არ არის შემუშავებული და დანერგილი, შესაბამისად არ არის განსაზღვრული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საწარმოების სია.
საქართველოში არ არსებობს კორპორაციული მმართველობის კოდექსი, სადაც ასახული იქნება საწარმოთა მართვის ძირითადი პრინციპები და საფუძვლები; საწარმოთა მართვის პრაქტიკა არ არის უნიფიცირებული, რეპორტინგის სისტემას აქვს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და შიდა კონტროლის მექანიზმები არ არის დანერგილი; გარდა ამისა არ არის შემუშავებული საწარმოების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და წახალისების სამართლიანი და ეფექტიანი სისტემა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი კონკურენტული გარემო, ხოლო საწარმოთა წმინდა მოგების გამანაწილებელი კომისიის შეკრება ხდება არარეგულარულად (აუდიტის პერიოდში კომისია შეიკრიბა მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს) და ბიუჯეტში გადასარიცხი თანხების დროულად მობილიზების ზომები არ არის მიღებული.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურთან და სსიპ შემოსავლების სამსახურთან სააგენტოს საწარმოთა ბაზის შედარებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა 75 სახელმწიფო საწარმო, რომელთა შესახებ ინფორმაციაც სააგენტოს არ მოეპოვებოდა.
წინამდებარე ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში განხილულია სახელმწიფო საწარმოების მართვის და განკარგვის სისტემაში არსებული მდგომარეობა, ჩატარებული შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნების საფუძველზე კი წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მიზანშეწონილია არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
