სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის ადმინისტრაციის აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში 2011-2012 წლების შესაბამისობის და 2013 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი, რომლის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები:
საქართველოს მთავრობის განკარგულებები,თ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯების დაფინანსების მიზნით, გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოეყო 2010 წელს 20,436,0 ათასი, ხოლო 2012 წელს - 1,600,0 ათასი ლარი. შესრულებული სამუშაოების აქტების შესწავლისას გაირკვა, რომ სამუშაოების შემსრულებელ შპს „სანი“-ს ზედმეტად აუნაზღაურდა მინიმუმ 500.8 ათასი ლარი.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გუბერნატორის ადმინისტრაციას ანაკლიასა და ქალაქ ლაზიკაში ჩასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, 2011 წელს გამოეყო 698.3 ათასი ლარი, ხოლო 2012 წელს - 600.0 ათასი ლარი. ხელშეკრულების შემსრულებელ შპს „ANAKLIA-GANMUXURI RESORTS”-ს და მის ქვეკონტრაქტორ შპს „ლუმას“ შორის 2011 წელს 98.1 ათას ლარზე გაფორმებულ ხელშეკრულებას არ ახლდა შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. შესაბამისად, აუდიტის ფარგლებში ვერ დადგინდა ჩატარებული სამუშაოების ღირებულება და მოცულობა. შპს „ANAKLIA-GANMUXURI RESORTS”-ის მიერ წარმოდგენილ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში ზედმეტად დარიცხულია დღგ-ს თანხა 7.2 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას. გუბერნატორის ადმინისტრაციასა და შპს „არტ ბათუმს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 202.3 ლარზე. ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტად წარმოდგენილია მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტი ავანსად გადახდილ 170.0 ათას ლარზე, და არა მთლიან თანხაზე. ფაქტობრივი შესრულების ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტები წარმოდგენილი ვერ იქნა. ასევე, აღსანიშნავია ქალაქ ლაზიკაში დაგეგმილი ღონისძიების გაუქმების მიუხედავად, მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისათვის მიმწოდებლებზე გადარიცხული 207.9 ათასი ლარის ანაზღაურება.
2012 წლის 15 ივნისს გუბერნატორის ადმინისტრაციას ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან სოციალური მიზნებისთვის უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული 131 დასახელების 296.7 ათასი ლარის ქონება. აღნიშნული ქონება ორი წლის და ექვსი თვის განმავლობაში გაურკვეველი მიზეზების გამო ინახება სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ იჯარით აღებულ ფართში, რომლის შენახვაზე გადახდილია 6.0 ათასი ლარი.
გუბერნატორს საზღვარგარეთ მივლინებების დროს, ზედმეტად აუნაზღაურდა ავტომანქანის დაქირავების ღირებულება 5.4 ათასი ლარის ოდენობით.
2011 წელს ავტომობილზე „BMW X-5“, გამოშვების თარიღით 2007 წელი და ნარჩენი ღირებულებით 79.8 ათასი ლარი, გაიწია არაგონივრულად დიდი ოდენობის - 39.5 ათასი ლარის ოდენობის შეკეთების ხარჯი, მაშინ როცა ავტომანქანის დაზიანების შესახებ დეფექტური აქტი ან რაიმე სხვა დოკუმენტი გუბერნატორის ადმინისტრაციაში არ მოიპოვება.
აღსანიშნავია 2011 წლის კონკრეტულ თვეებში გუბერნატორის მიერ გაწეული დიდი ოდენობის სატელეფონო საუბრების ხარჯი 23.3 ათასი ლარის ოდენობით და არაგონივრული დიდი რაოდენობით გაწეული საწვავის ხარჯი: 2011 წელს - 24,770 ლიტრის, 2012 წელს - 19,660 ლიტრის და 2013 წელს - 15,466 ლიტრის ოდენობით.
ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნულ და სხვა სამეწარმეო სუბიექტებს და გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების ამოღება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, აუდიტის მასშტაბების შეზღუდვის გამო, რიგი საკითხები სრულყოფილად ვერ იქნა შესწავლილი. ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მასალები გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას.
