სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გადაწყვიტა, შეესწავლა სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემები, მათი დანერგვისა და მართვის პროცესები და დაედგინა, რამდენად უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დანერგილი ინფორმაციული სისტემები სახელმწიფო ვალის მართვის პროცესის ეფექტიანობას, რამდენად უზრუნველყოფილია სისტემაში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოება და მონაცემთა მთლიანობა. შესწავლილ იქნა სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების შესყიდვის, განვითარებისა და დანერგვის მიზნები, სისტემაზე წვდომის კონტროლები და მათი ეფექტიანობის საკითხები.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ გააჩნია ცხადად ჩამოყალიბებული სტრატეგია სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების მიმართულებით. სამინისტროს გადაწყვეტილებებში სახეზეა სტრატეგიული მიზნების გადაფარვები. რაც გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფო ვალის მართვაში გამოიყენება 3 ინფორმაციული სისტემა, რაც ერთი მხრივ დაკავშირებულია DMFAS-ის მხარდაჭერისათვის ყოველწლიურ ხარჯებთან, ხოლო მეორე მხრივ, eDMS-ის პროგრამული განვითარებისათვის საჭირო ფინანსურ რესურსებთან.
ამასთანავე, სამინისტროს მიერ არ იქნა მიღწეული DMFAS–ის შეძენის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანი. კერძოდ, არ ხორციელდება პროგრამაში ჩაშენებულ სენსიტიურობის ანალიზის მოდულის გამოყენება, რომელიც საშუალებას იძლევა გაანალიზდეს სახელმწიფო ვალის პორტფელის სენსიტიურობა საპროცენტო განაკვეთის ან/და ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებასთან მიმართებაში. ამასთანავე, პროგრამაში არ იყენებენ ვალის მდგრადობის ანალიზისა (DSM+) და რისკების შეფასებისათვის საჭირო ფუნქციონალურ მოდულებს.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მხრიდან არ ხდება სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების განვითრებასა და მხარდაჭერაზე პასუხისმგებელი სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის კონტროლი. კერძოდ, სამინისტროს, აუდიტის საშუალებით არ მოუპოვებია რწმუნება რომ საფინანსო–ანალიტიკური სამსახური უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციულ სისტემებში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოებას. ამასთანავე, სამინისტრო არ ახორციელებს მონაცემთა ბაზებისა და საოპერაციო სისტემების რეგულარულ მონიტორინგს.
სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციულ სისტემებში ლოგიკური წვდომის კონტროლების გარემოს შესწავლის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ eDMS-ში გამოყენებული ლოგიკური წვდომის კონტროლები და მაკომპენსირებელი მექანიზმები უზრუნველყოფენ სისტემის ტრანზაქციებისა და ოპერაციების აღრიცხვიანობასა და მიკვლევადობას. რაც შეეხება DMFAS-ს, სისტემას გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა უზრუნველყოს განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვიანობა და მიკვლევადობა, თუმცა აღნიშნული, პრაქტიკაში არ ხორციელდება.
წინამდებარე ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში განხილულია სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემებში არსებული მდგომარეობა, ჩატარებული შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნების საფუძველზე კი წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მიზანშეწონილია არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
