გონივრული ფინანსური მმართველობის პირობებში, სახელმწიფო ვალი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ერთ-ერთი ინსტრუმენტი. თუმცა, სახელმწიფო ვალის არაეფექტიანმა მართვამ შესაძლოა ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ნაცვლად კრიზისამდე მიიყვანოს. სახელმწიფო ვალის ზრდასთან დაკავშირებული საფრთხეებისა თუ რისკების არაჯეროვნად შეფასებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მიიყვანა სავალო კრიზისამდე. გამომდინარე აქედან, ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ვალის გონივრული მართვა.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (სას) მოხსენების ფარგლებში სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების შესწავლისას იდენტიფიცირებულმა რისკებმა და ბოლო პერიოდში, საზოგადოების მხრიდან აღნიშნული საკითხისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა სას-ის სახელმწიფო ვალის მართვის საკითხით დაინტერესება. საკითხის აქტუალობას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო ვალის ნაშთი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. აუდიტის პროცესში შესწავლილია 2010-2014 წლებში (საანგარიშო პერიოდი) სახელმწიფო ვალის მართვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები. აუდიტის შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო ვალის მართვაში არსებული რიგი ნაკლოვანებები:
- საქართველოს სახელმწიფო ვალის პორტფელში არ არის გათვალისწინებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკრედიტო ვალდებულებები, რაც ქმნის რისკს იმისა, რომ არაჯეროვნად იქნება შეფასებული სახელმწიფო ვალის მდგრადობასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეები თუ რისკები.
- საანგარიშო პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ ჰქონდა შემუშავებული სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია.
- საკრედიტო რესურსის მოზიდვის ეტაპზე არ ხორციელდება სხვადასხვა დაფინანსების წყაროების მიერ შემოთავაზებული საკრედიტო პირობების ანალიზის დადოკუმენტირება.
- საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ვალის დამახასიათებელი რისკების შეფასებას და ვალის მდგრადობის ანალიზის ჩატარებას არ ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც წარმოშობს რისკს იმისა, რომ ვერ მოხდება მოსალოდნელი საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და მათი პრევენცია.
- სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელი დაბალი დივერსიფიკაციის დონით ხასიათდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფასიანი ქაღალდების 90%-ზე მეტს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ფლობენ.
- არ არსებობს ფორმალური სახელმძღვანელო ან მეთოდოლოგია, რომელშიც აღწერილი იქნებოდა, თუ როგორ და რა მეთოდით უნდა ხდებოდეს დასაგეგმი წლისათვის სავალო საჭიროების დადგენა.
სახელმწიფო ვალის მართვაში არსებული ნაკლოვანებების გათვალისწინებით და მოცემული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.
