ევროპის ქვეყნების აუდიტორული გაერთიანების (EUROSAI) ორგანიზებით და საქართველოს აუდიტის სამსახურის თანამასპინძლობით უბედური შემთხვევებისა და კატასტროფების მართვის აუდიტის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა „კატასტროფების რისკის შემცირება და მათზე რეაგირება“ იყო.
სამუშაო ჯგუფის წევრებს გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა მიმართა და ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის და მათი აუდიტის მიმართულებით არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე ისაუბრა. სახელმწიფო აუდიტორებმა ჯგუფის წევრებს გაუზიარეს გამოცდილება ადრეული გაფრთხილების სისტემებისა და ადრეული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის, ასევე ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილების სისტემაში გამოყენების ეფექტიანობის აუდიტის შესახებ.
ჯგუფის წევრები გაეცნენ პრეზენტაციებს კლიმატის ცვლილებების პირობებში ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებაზე, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის, საზოგადოებრივი შეტყობინების სისტემის გაუმჯობესებაზე.
სამუშაო შეხვედრას საქართველოს, ალბანეთის, იტალიის, სერბეთის, მოლდოვის, უკრაინის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ესტონეთის, პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების აუდიტორებთან ერთად ევროპის აუდიტორთა სასამართლოს თანამშრომლები (ECA), კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში გაეროს ოფისის (UNDRR) და საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.