სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა ინდოეთის ქალაქ ნოიდაში, ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის საინფორმაციო სისტემებისა და აუდიტის საერთაშორისო ცენტრში (ICISA), შესაბამისობის აუდიტის ერთთვიანი დახელოვნების საერთაშორისო პროგრამა გაიარეს. პროგრამაში აფხაზეთის ა/რ-ში აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი ეთერ კაცაძე და სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი ნინო ბუხნიკაშვილი მონაწილეობდნენ.
დახელოვნების პროგრამის ფარგლებში აუდიტორებმა განიხილეს შესაბამისობის აუდიტის წარმოების სხვადასხვა ასპექტები, როგორებიცაა: რისკების შეფასება შესაბამისობის აუდიტში; აუდიტის მტკიცებულებების შეგროვება, მათი შეფასება და დოკუმენტაცია; შესაბამისობის აუდიტი გარემოსდაცვითი პერსპექტივით (GUID 5201); სახელმწიფო ვალის აუდიტის სახელმძღვანელო (GUID 5250); არაპირდაპირი გადასახადების აუდიტი; საშემოსავლო გადასახადის აუდიტი; ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აუდიტში; ბლოკჩეინის ზოგადი მიმოხილვა და ბლოკჩეინის გამოყენება GST-ში.
ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სასწავლო კურსის მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, გადასახადების ადმინისტრირება, ინდოეთის ელექტრონული მმართველობა, ინდოეთის საგადასახადო სისტემის - GSTN საკონსულოს მუშაობის პრინციპები. მსმენელები ასევე გაეცნენ ინდოეთის აუდიტორთა მიერ მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულ კომპიუტერულ პროგრამებს, აუდიტის მართვის სისტემა OIOS-ს, სხვადასხვა მიმართულების აუდიტის სახელმძღვანელოებს და ა.შ.
სასწავლო პროგრამაში სულ 27 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის 37 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
პროგრამის დახურვისას მონაწილეებს ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში უმასპინძლეს და გენერალური აუდიტორის მოადგილემ ფარვინ მეჰთამ მათ სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.


