სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტორებმა პარლამენტში შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები წარადგინეს 28 ოქტომბერი, 2025

პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაპანაძე, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი და აუდიტის პროცესში ჩართული აუდიტორები ესწრებოდნენ. 

სხდომაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა ორი აუდიტის ანგარიში განიხილეს: „შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ და „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“.

„შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის“ შესახებ პრეზენტაცია გიორგი კაპანაძემ წარადგინა. მან შრომის უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირების წინაპირობებზე, ინსპექტირების დაგეგმვის ინდიკატორებზე, შრომის ინსპექციის მიერ განსახორციელებელ პრევენციულ/გეგმურ ინსპექტირებებზე, ინციდენტების სტატისტიკაზე და აუდიტის პროცესში გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. აუდიტორების შეფასებით, რეკომენდაციების შესრულება გააუმჯობესებს შრომის ინსპექციაში არსებული რესურსის გამოყენებას, ხელს შეუწყობს ბიზნესსუბიექტების შესახებ სრულყოფილი და დამუშავებული ინფორმაციის შეკრებას და სამსახურს დაეხმარება მეთოდური ინსტრუქციების შექმნაში. 

თორნიკე შერმადინმა სამუშაო ჯგუფის წევრებს „სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის“ მიგნებები და რეკომენდაციები გააცნო. ანგარიშის ფარგლებში გაცემულია სამი რეკომენდაცია, რომელიც აქტივების აღრიცხვას, საწვავის მოხმარების კონტროლსა და შრომით ხელშეკრულებებს ეხება.  

პარლამენტის წევრების კითხვებს აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათ აღნიშნეს, რომ ეთანხმებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გაცემულ რეკომენდაციებს და შესრულების სტატუსები წარმოადგინეს.