სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტორებმა თემატური ტრენინგები გაიარეს 16 დეკემბერი, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა კომპეტენციების განვითარების ტრენინგები გაიარეს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროებში ბოლო პერიოდის გამოწვევებისადმი თანამედროვე მიდგომებს მოიცავდა.

სახელმწიფო აუდიტორებისთვის სფეროების ტრენინგკურსების პრაქტიკა დამკვიდრებული აქვს აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურს (GAO). ამერიკული გამოცდილება კოლეგებს გააცნო სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ზაალიშვილმა, რომელიც 2019 წელს, აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურში, პროფესიული განვითარების ოთხთვიან პროგრამაში მონაწილეობდა და ასევე, უშუალოდ იყო ჩართული აუდიტორულ კვლევებში.

ჯანდაცვისა და განათლების სფეროების ტრენინგები სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის 30-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა.

პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვისა და განათლების სფეროების გამოცდილი სპეციალისტები უძღვებოდნენ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით განხორციელდა.