სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტაჯიკ კოლეგებს ტრენინგები ჩაუტარა  02 მაისი, 2025

უმაღლესი აუდიტორული  ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების (INTOSAI IDI) პროექტის „უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გლობალური ინიციატივა“ (GSAI) ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, როგორც მენტორმა, ტაჯიკეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სამუშაო ვიზიტი აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ოთხდღიან ტრენინგებს მოიცავდა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მენტორის სტატუსით მეორე წელია ტაჯიკეთის საანგარიშო პალატას შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარდაჭერას უწევს. GSAI-ის პროექტის ფარგლებში, ეს უკვე მეოთხე სასწავლო შეხვედრა იყო ტაჯიკეთის უმაღლესი აუდიტორული უწყების თანამშრომლებთან.

ტაჯიკეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად დელეგაციას წარმოადგენდა INTOSAI IDI-ს  პროგრამის კოორდინატორი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა და მადლობა გადაუხადა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების (INTOSAI IDI) საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის.